რაც მოხდა, ამაზე საუბრის დროც მოვა – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ახლა უფრო მეტი საბაბი მიეცემათ ერთმანეთის ლანძღვა-გინების: ბოიკოტისტები კვლავ გადაუვლიან არჩევნებში მონაწილეებს, არჩევნებში მონაწილეები თავიანთ უბადრუკ შედეგებს დააბრალებენ ბოიკოტისტებს, რევოლუციის მომლოდინეები დაკორტნიან იმათ, რომელებმაც იმედები გაუცრუეს და რომლებიც რამდენიმე საათით ადრე გმირებად მიაჩნდათ, მჩხავანები უფრო მაღალი ხმით იჩხავლებენ, საბოლოო ჯამში კი ყველა ხელს შეახოცავს იმათ, რომლებმაც მძიმე შეცდომები კი დაუშვეს, მაგრამ თავგანწირვის მაგალითი აჩვენებს.
ისევ ყველაფერს დააბრალებენ ერთობის არქონას. ერთობა იმდენად გაცვეთილი და აფრისმთქმელი სიტყვა გახდა, რომ მხოლოდ იმიტომ ახსენებენ, რომ საკუთარი თავი ერთობის ერთგულად წარმოაჩინონ.
ერთობა კი არა, კოორდინაციაა საჭირო. ამ მოვლენების შემდეგ ვინც ამას ვერ შეიგნებს და კვლავინდებურად ძველი წესებით გააგრძელებს ცხოვრებას, პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება.
ახალა არ არის ამ აქციის ორგანიზატორების ლანძვის დრო. რაც უფრო მეტად მოხდება ეს, მითი უფრო მეტად შევაგულიანებთ ამ ბოროტ ხელისუფლებას რეპრესიების გასატარებლად, უფრო მეტი ადამიანის დაკავებისაკენ ვუბიძგებთ მათ. დაჭერები რომ იქნება, ეს ყველასთვის ნათელია საუბედუროდ.
რაც მოხდა, ამაზე საუბრის დროც მოვა. ეს წარუმატებელი თავგანწირვაც კარგი მაგალითი იქნება სამომავლოდ. ახლა თანაგრძნობის და სოლიდარობის დროა და არა ქიშპის და ადამიანების გარიყვის.
ამ დამნაშავე რეჟიმს ვერაფერი გადაარჩენს. გამარჯვებას ნაკლები დანაკარგებით უნდა მივაღწიოთ, რაზეც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით დღევანდელი შედეგებით.
დაასუსტა თუ არა ამ მოვლენებმა ოპოზიცია? ნაწილობრივ კი, რადგან უფრო მეტად გამწვავდა ურთიერთობები მათ შორის. დააზიანა თუ არა ხელისუფლება ამ გამოსვლებამა? ძალიან. კიდევ ერთხელ შეიგრძნეს, რომ ხალხი არ შეეგუება ამ მოღალატე რეჟიმს. საგარეო რეზონანსიც დიდი იქნება თავისი შედეგებითურთ.
ნიჰილიზმი და უიმედობა არ დაისადგურებს. ეს გამორიცხულია”