“ამგვარი დემონსტრაციული, ძალადობრივი თავდასხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, რომელიც ასევე, ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდაა ზოგადად საპროტესტო მოძრაობაში ივანიშვილს რეჟიმის წინააღმდეგ, მიზნად ისახავს ახალგაზრდების და ამავდროულად მათი მშობლების დაშინებას, რომ რეჟიმმა ამგვარი ძალადობით მშობლებს აიძულოს, რომ თავიანთი შვილები ხვალ რუსთაველის გამზირზე კი არ გაუშვან საქართველოს ეროვნული დროშის დასაცავად, არამედ სახლებში დატოვონ , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ “ინტერპრესნიუსთან” მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოქალაქეებს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვილების დასაცავად სწორედ ბრძოლა არის საჭირო.
“მე როგორც სამი შვილის დედას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი შვილების დაცვის ერთადერთი გზა სინამდვილეში არის ბრძოლა. მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შვილები. მე ეს გამოვლილი მაქვს და მერწმუნეთ, რომ ერთადერთი გზა არის სიმართლე და ამ სიმართლით ბრძოლა, ამიტომ ხვალ ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე.
მოლოდინი მაქვს, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა რუსთაველზე, მოლოდინი მაქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამ ბანდიტური ქმედებებით ვერ შეაშინებს ამ ახალგაზრდებს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ უნდა გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე ჩვენი შვილების დასაცავად”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ახლა კლინიკა “ჰრლსიკორში” იმყოფება, სადაც იგორ ნარმანია არის გადაყვანილი.
ცნობისთვის, მეტეხის ხიდთან ახალგაზრდები განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რა დროსაც თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გარდა, დაშავდა კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.