პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხმაურება და საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს, როგორც სტიქიურსა და არაპროგნოზირებადს.
“კუზიანებს ამ ქვეყანაში სამარეში დებს და ასწორებს ხალხი – ბევრი, ძალიან ბევრი ხალხი.
(პოლიტიკურ კუზიანებს ვგულისხმობ, დისკრიმინაციაში არ დამადანაშაულოთ გეთაყვა).
სწორ ნაბიჯებს პოლიტიკოსები დგამენ მხოლოდ მაშინ, როცა პასუხისმგებლობას გრძნობენ და ეშინიათ ხალხის.
ეს პროცესი საქართველოში სტიქიურია და სტიქია არაპროგნოზირებადია.
იმისთვის რომ ეს პროცესი სტიქიური და არაპროგნოზირებადი არ იყოს, ხალხს სჭირდება სისტემა, რომლის ფარგლებშიც ქუჩაში გამოვარდნა არ დასჭირდება ხოლმე პოლიტიკოსებისგან სწორი ნაბიჯების მისაღებად და სისტემის შიგნით შეძლებს მისი პოლიტიკური დაკვეთის რეალიზაციას.
სწორედ ასეთი სისტემისთვის ბრძოლას ვუყურებთ ახლა – მე ვიტყოდი 2019 წლის ივნისიდან, ცვალებადი მოღრუბლულობით, ხანმოკლე და ხანგრძლივი სეტყვით, ქარბუქით …
ქართველი ხალხი, დღეს სტიქიურად იბრძვის ისეთი სისტემისთვის, რომელიც კუზიანებს შიდა სისტემური მექანიზმებით ასწორებს და არა სტიქიით.
4 ოქტომბერი ერთგვარი გამოცდაა, რაც ქართველ ხალხს მოუვლინა განგებამ.
ერთი მხრივ, ივანიშვილს უნდა გავაგებინოთ, რომ ძირი გამოთხრილი აქვს და ახალ რეალობას თვალი გაუსწოროს – წავიდეს;
მეორე მხრივ, ხაზარაძეს უნდა გავაგებინოთ, რომ ფულით ვერ გვიყიდის – ეგ კბილები გამოცვლილია;
მესამე მხრივ, მიშა სააკაშვილს უნდა შევაგნებინოთ რომ გამარჯვებას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ არანაირი “ან ახლა, ან არასოდეს” ჩვენთვის არ არსებობს, და რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, როცა არ უნდა გავიმარჯვოთ.
ყველა შეუგნებელს უნდა უნდა შევაგნებინოთ, რომ ქართველები პიროვნების კულტის პოლიტიკას არ მივიღებთ, რომ ქართველები “ავანტყოფი” კი არა, ევროპელი ერი ვართ და ოქროს ჯვრების სავსავით, პოლიტიკის ასავალდასავალიზაციით, რუსულ ორგანიზებულ დანაშაულთან ფლირტით და სხვა ქოცური ქრინჯობებით ჩვენს გულს ვერ მოიგებს.
და მე მგონია რომ ჩვენ ამ ყველაფერს შევძლებთ – მე მგონია, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ეჭვგვარეშე გახდება, რომ თავისუფალი მომავლის მტკიცე იმედს და რწმენას ვერავინ გაგვიცრუებს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.