ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:
“რამე ასეთი კამპანია ხომ არ დავიწყოთ? ჩვენც დაგვიჭირეთ! ტროიკებით გამოტანილი “სამართალი” მაინც ყველას კარზე მოაკაკუნებს და ბარემ ერთად ჩაგვსვან ყველანი. მერე უყუროს მაყურებელმა ვარდისფერი სათვალით, დილიდან საღამომდე, რა მშვენიერია ცხოვრება საქართველოში, რა დიდებულია დედა პარტია და როგორ წარმატებით სრულდება ხუთწლედების გეგმები. ყველას ფეხზე გვკიდია თქვენი დოქსოფულოების განაჩენები, ხოდა, ბარემ ჩ ვ ე ნ ც დ ა გ ვ ი ჭ ი რ ე თ!!! რაღას წვალობთ და ეწამებით ამ საქმეების კერვით! ადექით და ჩვენც დაგვიჭირეთ! ყველა ერთად, სხვანაირად ტელევიზიებს ვერ წაიღებთ!!!”, – წერს გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს სურს მამამისის, ავთანდილ წერეთლისა და პარტია “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დაკავება. აღნიშნულის შესახებ მან 9 დეკემბერს ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.
