“შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დაანონსებული „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ იდეა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, „ამ ადამიანებს ღამე უნდა ვერიდოთ იმიტომ, რომ ღამღამობით ემოციური გაღიზიანება და გამწვავებები ემართებათ“.
„ვხედავთ, რომ ნულოვანი მხარდაჭერა არის მათ მიმართ. არის ადამიანების მარგინალიზებული ჯგუფი, რომელთაც არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ისტერია, ბოღმა, ძალადობა, შეურაცხყოფა ანთხიონ. ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის „შიდა ტერორიზმს“, ასეთი შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს ადამიანების, რომელთაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება, ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან და ქვეყანას შეუძლია მშვიდად იცხოვროს, თუმცა, ღამე უნდა ვერიდოთ იმიტომ, რომ ღამღამობით გამწვავებები ემართებათ. ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ გაცხადებული აქვთ, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ გზაზე. მათი დიდი ნაწილი ფორმალურადაც ჩაეხსნა არჩევნებს, არ მონაწილეობენ, მეორე ნაწილი ფორმალურად მონაწილეობს, თუმცა ესეც ამ გეგმის ნაწილია. შედეგი ნულოვანია მათთვის, რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერის არავითარი იმედი არ აქვთ. თუმცა, ზუსტად ეს ღამის გამწვავებები, რასაც ვხედავთ, ესენი არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ვნახეთ აქ, თუ რა რეაქციები ჰქონდათ ამ მკვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, გაუხარდათ. ეს არის იგივე ტერორისტული იდეოლოგია, რომელიც დღეს აშშ-ს პრობლემას უქმნის. ასე, რომ ამ შიდა ტერორისტების მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.