„მხოლოდ ქართულს“ 20 იანვარს ლაშა ნანობაშვილი გამოეთიშა. ნატო გელაშვილი, რომლის შვილიც ამ პროექტის მონაწილეა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მისი ფონდი ლაშას 2 ათას ლარს ჩუქნის. თუ რატომ მიიღო ავტორ-შემსრულებელმა ეს გადაწყვეტილება, „პრაიმტაიმისთვის“ მიცემული კომენტარიდან შეიტყობთ.
ნატო გელაშვილი: – ლაშას სიუჟეტი რომ ვნახე, დამანგრია. მისი ავადმყოფი დედა უცხოეთში სამუშაოდაა წასული, სახლი დაკარგეს. ლაშა ვიღაცასთან ცხოვრობს და როგორც სიუჟეტიდან გავიგე, ლაშა დედასთან ჩასასვლელი ბილეთის ფულისთვის იყო პროექტში… წარმოიდგინეთ, სიმსივნით დაავადებული ქალი რომ წავა სამუშაოდ… ძალიან იმოქმედა ჩემზე. რა კონკურსი და რა სიმღერა, ხალხო?! ამ ისტორიამ დამანგრია. ლაშა რომ პროექტს გამოეთიშა, ძალიან ვინერვიულე. წარმოიდგინეთ, იმედის ნაწერწკალი რომ გაქვს და იმასაც რომ კარგავ. ჩავთვალე, თუ მისთვის ეს ბილეთი გადამრჩენია, ვაჩუქო თანხა. თუმცა რაშიც უნდა, იმაში გამოიყენოს. რაც შემიძლია მთელი გულით გავუკეთე ამ ბიჭს. ეს იყო ჩემი, როგორც დედის გადაწყვეტილება. თუ კიდე ვინმე შემომეხიდება და დახმარებას გადაწყვეტს, ორივე ხელით მივესალმები.
ნატო გელაშვილის ფონდი ორი წელი არსებობს. გელაშვილს ლაშასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებიც აქვს.
„ბანია, სოლისტი მომღერალი არ არის, კარგი ყური აქვს. აუცილებლად მინდა დავეხმარო შემოქმედებითად და მესამე შვილივით აქტიურად დავუდგე გვერდით“ – „პრაიმტაიმთან“ აცხადებს ნატო.
უცვლელად გთავაზობთ პოსტს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ნატო გელაშვილი ლაშას დახმარებას აპირებს.
„ჩემთვის დედაშვილობაზე ბრუნავს ღერძი სამყაროსი. და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა შვილისათვის. ბილეთი… დედა-შვილობის ერთიანობამდე. დღეს ჩახუტების დღეა. მე არ ვიცი, რა პროცედურებია და არ მესმის დაჯილდოვების. მთელი გულით დღევანდელ ჩახუტების დღეს მინდა მოვეფერო ლაშა ნანობაშვილს და მის დედიკოს, რომლებსაც მეც თქვენსავით ვიცნობ ეკრანიდან… გადავწყვიტე, რომ ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გადავცე ლაშას 2 000 (ორიათას) ლარიანი ვაუჩერი. ვინც მიცნობს ჩემს გულწრფელ გადაწყვეტილებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ბევრმა კონკურსანტმა, რომლებმაც დატოვეს კონკურსი წარმატებები მინდა ვუსურვო და ჩავეხუტო მათაც. ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა შვილისათვის ..ბილეთი. დედა-შვილობის ერთიანობამდე. მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით გავძლიერდებით. გეგულებოდე, ლაშა შენც და ასევე ყველა იმ შვილს, ვინც დედის გულის გახარებას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს.. დედის ღიმილისათვის…“ – წერს ნატო „ფეისბუქზე“.
წყარო: pt.ge