კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ზაჰესის იზოლატორიდან წერილს აქვეყნებს.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” უნდა დაანახონ, რომ “მათ მოგონილ უკანონობებს არ ემორჩილებიან”.
სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ამ ბოროტმოქმედ სისტემასთან დაუშვებელია. არცერთმა სინდისის პატიმარმა იოტისოდენა სიმართლეც კი არ დათმო. გამოკეტეს, მაგრამ მორალურად გაიმარჯვა მზიამაც, ნინო დათაშვილმაც, და ყველამ. NGO-ებმა არ დათმეს იოტისოდენა თავისუფლება და არ დაემორჩილნენ „რუსულ კანონს“. ჩვენ არ დავემორჩილეთ ყალბ არჩევნებს. არ შევედით ყალბ პარლამენტში, არც ყალბ კომისიაში, არც ყალბ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში.
სიმართლის ერთგულება გაგვამარჯვებინებს ამ გზაზე. შესაბამისად, რომ მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით.
მეორე, რაზეც დგას ჩვენი ბრძოლა არის სოლიდარობა. ყველა მოქალაქემ, ყველა აქტივისტმა, ყველა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ სისტემასთან მარტო არ დავტოვებთ. მოინდომეს მეგის დაჩაგვრა, ვერ მივართმევთ!
ბოლომდე!” – წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია თავის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ელენე ხოშტარიამ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.