თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, დაკავების დროს შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ უთხრა ბურჭულაძის სახლთან მყოფ ჟურნალისტებს, რამდენიმე დღის წინ მან “საყოფაცხოვრებო პირობებში ტვინის შერყევა მიიღო და ექიმების რეკომენდაციით წოლით რეჟიმში იმყოფებოდა.”
“სახლში იყო, ჩვეულებრივ გადაადგილების დროს წაიქცა და დაზიანება მიიღო, ტვინის შერყევა აქვს, რამდენიმე დღეა აქვს წოლითი რეჟიმი”, – თქვა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლინიკაში მოათავსეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავა.
ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.