შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ორი პირი, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცავი, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი – 1986 წელს დაბადებული გ.ა. და 1961 წელს დაბადებულ გ.რ. დააკავეს.
დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე გ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, გ.რ.-ს უკანონოდ გადასცა ,,მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი, ასევე, უკანონოდ ინახავდა.
გ.რ.-ს და გ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ,,მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე სეკუნდა მუხლის მე-7 ნაწილით და მე-8 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”. – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.