კორონავირუსის ახალ ვარიანტთან „ომიკრონი“, დაკავშირებით, რომელსაც არსებული მონაცემებით, მრავალი მუტაცია ახასიათებს, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“არსებობს არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ “ომიკრონის” შტამი პანდემიის დასასრულის დასწყისია. საქმე იმაშია, რომ ეს შტამი ადამიანის მიმართ ნაკლებ აგრესიულია, მძიმე გართულებებს არ იწვევს და ამ შტამით დავირუსება იოლ ფორმებში, როგორც სხვა, ნაკლებად საშიში კორონა ვირუსების შემთხვევაში, ისევე, მსუბუქი სიმპტომებით, მიმდინარეობს. სამაგიეროდ, ეს შტამი მეტად აგრესიულია კოვიდ-19-ის სხვა შტამების მიმართ და საბოლოო ჯამში, “შიდა სახეობრივ” ბრძოლაში იგი იმარჯვებს, ყველა კონკურენტ-შტამს სპობს და გაბატონდება. მოკლედ – კოვიდის ვირუსი ევოლუცირდა, საბოლოოდ გადაიქცა ისეთ ვირუსად, რომელიც გარემოსთან, ე.ი. ვირუსის მატარებელ ორგანიზმთან, ყველაზე უკეთაა ადაპტირებული, ანუ – ამ ორგანიზმს კი არ კლავს, რაც მისი დაღუპვის ტოლფასიცაა, არამედ – ეგუება.
ბუნება გვასწავლის, რომ არსებობისათვის ბრძოლის, ე.ი. კონკურენციის საბოლოო სტრატეგია – შეგუებაა, ადაპტირებაა, ანუ – ჩვენში აქტუალური პოლიტიკური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ – “კოაბიტაციაა”. მაგრამ ასეთი, “ევოლუციური კოაბიტაცია” – ჯერ დაუნდობელი ბრძოლის შედეგია, ე.ი. ბუნებრივი გზით “ზავი” ომის შედეგად მიიღწევა და ხელოვნურ კოაბიტაციებს ბუნება არ ცნობს…
აშკარაა, რომ საბოლოოდ, იქნება ეს “ომიკრონი” თუ რომელიმე სხვა, არსებობისათვის ბრძოლით კორონა ვირუსის ევოლუციონირებული ახალი შტამი, ადამიანის ორგანიზმს შეეგუება; საკითხავი ესაა – თავად ადამიანი თუ შეეგუება სხვა ადამიანსა და გარემოს, რომელშიც ცხოვრობს და ხშირად უფრო აგრესიულად ეპყრობა მას, ვიდრე ნებისმიერი ვირუსი”, – წერს ზარდიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.