„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მიხეილ ყაველაშვილის ტრამპისადმი დაწერილ ღია წერილს აფასებს და ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ მსგავსი შინაარსის წერილების დაწერა ძალიან სახიფათოა.
„ყაველაშვილის დაწერილი რომ არ არის, ორი აზრი არ არსებობს, ორ წინადადებას ვერ აბამს ერთმანეთზე. ასეთი წერილების გავრცელება არის ძალიან საშიში იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ, დონალდ ტრამპი არის ძალიან ფეთქებადი ხასიათის და თან ძალიან სერიოზული თვითმფრინავები, ბომბდამშენები ჰყავთ ამერიკელებს. ტრამპს რომ ეძახი „დიფ სთეითი“ გმართავსო, მანდ სადმე ცუდად არ გაბრაზდეს და რამე არ დაგვმართოს, ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან ყაველაშვილისნაირი ცალტვინები, ეს იქნებოდა კარგი. არ ასვენებთ გამჩენი. ირაკლი კობახიძე დაწერდა ან ზაზა შათირიშვილი. ყაველაშვილმა წერა არ იცის. ყაველაშვილი რომ არ დაწერდა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ტიპი არის აბსოლუტური უცოდინარი, წერა-კითხვა არ იცის. თუ გინდათ, გამოვიყვანოთ და რამე ვუკარნახოთ. ცოტა ხანში წკეპლას რომ მოიმარჯვებს ტრამპი და მოსცხებს კოჭებში, ამის მოლოდინი მაქვს. მოიცლიან ჩვენთვის და კარგად „მოცოცხავენ“. ამდენი ხანი რომ დასცინი, აბუჩად იგდებ და ამხელა კაცს ეუბნები „დიფ სთეითი“ გმართავსო, რომელსაც იმხელა პრეტენზია აქვს, 5 ომი გავაჩერეო, „ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად“ და ამ კაცს რომ ეძახი შენ არაფერს წარმოადგენ და „დიფ სთეითი“ გმართავსო, ის მალე გაბრაზდება და ძალიან ცუდად გათლის მათთვის წკეპლას. რომ მოხვდებათ კოჭებში, მერე ნახავენ, როგორ უნდა ეტლიკინონ, თუნდაც აშშ-ს ან სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.