ალექსი ახვლედიანი, ვისი იარაღიდანაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, მომხდარის შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ალექსი ახვლედიანი ამბობს, თორნიკე რიჟვაძეს დიდი ხნის მანძილზე სურდა თანამდებობის დატოვება და შესაბამის დროს ელოდებოდა.
“ბოლო წელიწადნახევარია თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ უნდა წასულიყო თანმდებობიდან. ამბობდა,რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის და ასევე რეგიონისთვის.
ბევრჯერ უთქვამს, რომ ვერ იყო ისეთი შემართებით, როგორიც აქამდე.
ბოლოს ეს სურვილი განსაკუთებით გააქტიურდა 2024 წლის არჩევნებზე. მაშინაც ამბობდა, რომ უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანაო. სურვილი ჰქონდა, რომ საქმე გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით.
[…]თორნიკე რიჟვაძე შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძლებინა მუშაობა დიპლომატიურ სამსახურში, როგორც მან მითხრა, იყო ვაკანსია და სურვილი ჰქონდა, რომ სამსახური გაეგრძელებინა დიდ ბრიტანეთში.” – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
გარდა ამისა, ალექსი ახვლედიანმა რიჟვაძის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა:
“მასთან კომუნიკაცია არის საკმაოდ შეზღუდული ოჯახის წევრებისთვისაც იმიტომ, რომ როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს 2-თვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება, ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს და ბოლო ინფორმაციით, ალბათ, კვირის ბოლოს, თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას.
იქ ადგილობრივი ფსიქოლოგების ჯგუფი ემსახურება როგორც ვიცი, აუკრძალეს ამ 2-თვიანი კურსის დასრულებამდე ყველანაირი კომუნიკაცია ყველასთან”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა.