საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადაადგილების ფაქტზე, ერთი პირი ამხილა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ “ყაზბეგი”-ს გავლით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა, რომლის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების ვეტერინარული მედიკამენტები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ღირებულება 36 000 ლარს აღემატება.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.