საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მის მიერვე დაანონსებული ცვლილებების შესახებ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მიმართულებით იქნება რეგულაციები:
“ჩემი გადაწყვეტილებით, ონლაინ-კაზინოებს დაუწესდებათ შემდეგი რეგულაციები:
ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით;
აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით;
აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
მთავრობის მეთაურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე, ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი ეხმაურება:
“ჩემი აზრით, პრემიერის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა და დროთა განმავლობაში, კიდევ შეიძლება დაიხვეწოს მთელ სათამაშო ბიზნესთან მიმართებით…”, – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
