სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისათვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ა.შ., 1986 წელს დაბადებული ა.ვ. და 1987 წელს დაბადებული ვ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.