სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს.
მათივე თქმით, სატვირთოს მძღოლების დეფიციტი, საქართველოს ბაზარზე დიდი ხანია შეინიშნება და ამასთანავე, სახეზეა მძღოლების უცხოეთში გადინების შეუქცევადი პროცესიც. ქართველი მძღოლების უმეტესობა უცხოეთში სამუშაოს ძებნის მიზეზად საავტომობილო მაგისტრალზე არსებულ დაუსრულებელ რიგებს ასახელებს.
“სავარაუდოდ, საქართველოში გადამზიდავი კომპანიების და შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებების ზრდის ფონზე, რეგიონში დაბალი ტარიფების გამო, კომპანიები ვერ შეძლებენ ადგილობრივ მძღოლებს ევროპული დონის ხელფასების შეთავაზებას, ეს პროცესი კი აიძულებს ქართველ მძღოლს დატოვოს ქვეყანა და უცხოური ქვეყნების სატრანსპორტო კომპანიებში გადაერთოს სამუშაოს საძებნელად” – ნათქვამია კვლევაში.
საქართველოს გარდა მძღოლების გლობალური დეფიციტი, ევროპულ ბაზრებზეც შეინიშნება.
საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის, IRU-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 2029 წლისთვის, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების გლობალურ დეფიციტზე და ამ პრობლემიდან გამომდინარე, ლოგისტიკური ჯაჭვების მდგრადობის და ქვეყნების ეკონომიკური სტაბილურობის გაუარესებაზეა აქცენტი გაკეთებული.
ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 36 წამყვან სახელმწიფოში, მძღოლების დეფიციტი 3.6 მილიონ ერთეულს შეადგენს. ასევე საგანგაშო ვითარებაა ახალგაზრდა და გამოცდილ მძღოლებს შორის არსებული ასაკობრივი განსხვავებებში.
ახალგაზრდები მძღოლის პროფესიის დაუფლებას ერიდებიან.
კვლევაში მოყვანილი გამოკითხის შედეგად, მსოფლიო გადაზიდვების ქსელში ჩართული 25 წლამდე მძღოლების წილი მხოლოდ 6.5 %-ია. საპენსიო ასაკს მიახლოებული, 55 წელზე უფროსი ასაკის მძღოლების რაოდენობა 32 %-ს, რიგ ქვეყნებში, მაგალითად ესპანეთში, ავსტრალიაში და იტალიაში კი – 50 %-ს უახლოვდება.
ამ ტენდეციის გათვალისწინებით 2029 წლისთვის 3.4 მლნ მძღოლი პენსიაზე გავა, მძღოლების არსებული და მომავალი დეფიციტის გათვალისწინებით საერთაშორისო გლობალური გადაზიდვები სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.