ჟურნალისტი ანი კიკნაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ირაკლი გედენიძის ფოტო!
ვისაც ფოტოგრაფების საქმე გვახსოვს, როგორ შეკერეს აბსოლუტური სისულელე და დააპატიმრეს ფოტოგრაფები მხოლოდ იმის გამო, რომ 26 მაისის სასტიკი დარბევის ფოტორეპორტაჟის მომზადება გაბედეს, როგორ მოექცნენ მათ, რა ტანჯვა და წამება გაიარეს, ალბათ ერთნაირად შეგვძრა ამ კადრმა.
ვისაც ეს საქმე არ გახსოვთ, “მიშაფრი” დაიწერეთ და არ დაინტერესდეთ ამ საქმის დეტალებით. არაფერში გამოგადგებათ, თქვენი აღგზნებული პათოსისთვის არ ივარგებს ამდენი სიმართლე.
ირაკლი გედენიძე დარჩა პროფესიონალად!
ეს ნაძირალა რადაც დარჩა, დღეს კიდევ ერთხელ მახეთ!”, – წერს კიკნაძე სოციალურ ქსელში.
2011 წლის 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე.
2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარდგა. სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა მედიისთვის ღია იყო. თავდაპირველად, დაცვის მხარემ მოსამართლეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა, რომ საქმის რეზონანსულობიდან და საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე მომხდარიყო სასამართლო პროცესის ტრანსლირება. მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლო პრცესს სამი მოსამართლე უძღვება. კერძოდ, მაია ქოქიაშვილი, ნინო ელიაშვილი და ლიანა ორკოდაშვილი, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
https://mix.metronome.ge/23955-2/
https://mix.metronome.ge/23979-2/