მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთებს მფარველობდნენ და საქმეს კარგა ხნის განმავლობაში არ იძიებდნენ.
“თავიდანვე ცხადი იყო, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი. გელა იძულაური მარტო არ მოქმედებდა და მას არაერთი ადამიანი ეხმარებოდა.
ასევე ცხადი იყო, რომ მკვლელობის შემკვეთებს მფარველობდნენ. საქმეს კარგა ხნის განმავლობაში არ იძიებდნენ.
საქმეზე გამოძიების სწორ კვალზე დადგომის შემდეგ ბევრ კითხვას გაეცა პასუხი.
შსს-ს დღევანდელი ბრიფინგით დადასტურდა ის, რაზეც პირველივე დღიდანვე ვსაუბრობდით!!!”, – წერს ის Facebook-ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული გიორგი მიქაძეა, მის ძმას დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პირებად მიიჩნევიან.