“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არ ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას!”, – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გადაწყვეტილებას მუდმივი “მწვანე სტატუსის” შესახებ.
როგორც პროფესორი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, კოვიდგადატანილობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია და ის ვირუსით აღარ დაინფიცირდება.
“კოვიდგადატანილი შესაძლოა, დაინფიცირდეს 1 თვეში, 6 თვეში, 12 თვეში და 24 თვეში და არის ამის საკმარისი მტკიცებულებები მთელი მსოფლიოდან.
ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ (კომპიუტერული მოდელირებით ერთმანეთს შეადარეს ადრინდელი კოვიდაფეთქებები და კოვიდ-19-ის ახლანდელი მონაცემები) აჩვენა, რომ კოვიდგადატანილები არ არიან დაცული და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო არ არიან დაცულნი. ანუ კოვიდგადატანილის ხელახლა რეინფიცირების რისკმა შეიძლება, შეადგინოს 5%-დან 50%-მდე.
ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
რამდენი დრო გავიდა ინფიცირებიდან;
პაციენტის ასაკი;
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
პრევენციულ ზომებთან პაციენტის ხელმისაწვდომობა (ვაქცინაცია/პირბადე/დისტანცია/იზოლაცია)
დასკვნა:
კოვიდ გადატანილ პაციენტებში რეინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი (3 თვე), განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება.
კოვიდგადატანილების “გამწვანება” შესაძლებელია მაქსიმუმ 3 თვე;
კოვიდგადატანილი ინფექციის გადატანიდან 30 დღეში უნდა აიცრას. ეს მას საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად დაცული იყოს.
რატომ?
პირველი აცრიდან სრულ დაცვამდე არის საჭირო დაახლოებით 45 დღე (1 აცრა – 1 აცრა 21-28 დღე და +14 დღე)
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არც საერთაშორისო გამოცდილებას ითვალისწინებს”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს “მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება.