ედუარდ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების გადაბარების პერიოდზე გოგი გვახარიას ახალ პროექტში “შვილი” საუბრობს, რომელიც რადიო თავისუფლების გვერდზე გამოქვეყნდა:
“გიგანტური აქცია რომ მოაწყვეს (ქართულმა ოცნებამ) მაშინ მივხვდი, რომ დიდი ტალღა მოდიოდა. მამაჩემმა დამარცხება რომ აღიარა, ძალიან პოზიტიურად მიმაჩნდა. მე რაღაც ტირილი და მსგავსი არ დამიწყია, გულწრფელად ვამბობ. ძალიან სტრესული პერიოდი გვქონდა, არ ვიცოდით მაშინვე მის (მიხეილ სააკაშვილის) დევნას დაიწყებდნენ თუ არა, აგრესია ხომ არ გადმოვიდოდა ჩვენზე და ა.შ… არ ვიცოდით ხომ?! – მაგრამ მაინც, ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო და ხელისუფლება გადააბარა, მე ეს ძალიან მომეწონა. მიშამაც კი, (რამდენად გულწრფელად თქვა არ ვიცი), განაცხადა – “ხალხი ჩემით დაიღალა”, მართლა ეგრე იყო, მან თქვა, შეიძლება სჯეროდა, შეიძლება, არა, მაგრამ ეს იყო სწორი ნაბიჯი. ასე უნდა შეეფუთა – “მე ვაღიარებ”. ალბათ, მას სადღაც იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას საფუძველი ჩაეყრებოდა და არ გადაიზრდებოდა წინა ხელისუფლების დევნაში. მე ცოტა მოვტყუვდი, ამ მთელი პროცესით, კოჰაბიტაციით… მეგონა, – ვა, რა ცივილიზებულად ხდება ყველაფერი… ხომ არ მოვიდა დრო, ცოტა მოსაწყენი პოლიტიკური პროცესის… არიან სხვადასხვა ძალები, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან, არის კომპრომისი… – ალბათ, ამ კოჰაბიტაციის გამო, მეგონა, რომ მაქეთ მიდიოდა საქმე და ეს ძალიან მომწონდა. მაგალითად, იყო ასეთი ფაქტი, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი ახალ წელს ხალხს ერთად ულოცავენ”, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი გოგი გვახარიასთან ინტერვიუში.