საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ “სუბოქსინის“ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მყოფმა ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის” შემცველი ნივთიერება თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოიტანა და მეორე ბრალდებულთან ერთად მოიხმარა. დარჩენილი ნაწილი იმავე პირს გადასცა, რომელმაც აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს მიუტანა.
ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
“ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260 სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გადაცემა); მეორე პირს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25,260 სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გადაცემაში დახმარება), ხოლო შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წრედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.