კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა მეტროსადგურ გურამიშვილის რეაბილიტაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” დამნაშავეა მოქალაქეების წინაშე, რადგან მოსახლეობის უსაფრთხოებას უგულებელყოფენ.
ელისაშვილი პასუხისმგებლობას კახა კალაძეს აკისრებს.
მისი თქმით, მეტროსადგურში წვიმა ჩადის და არსებობს ჭერის ჩავარდნის საფრთხეც, რაც შესაძლოა, ცუდად დასრულდეს.
“ჩვენ ახლა ვართ გურამიშვილის მეტროსთან და გვინდა, შეგახსენოთ ამ მავნე ხელისუფლების, ამ მექრთამეების კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება, შეგახსენოთ აღვირახსნილი კორუფციის ფაქტი და ქალაქის და ხალხის ინტერესების აბუჩად აგდება.
ვისაც გიმგზავრიათ მეტროს პირველი ხაზით, აუცილებლად შეამჩნევდით თუ როგორ გამოიყურება წლებია გურამიშვილის გამზირი, მეტროსადგური გურამიშვილი დაბომბილი ჰიროსიმა გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვიდრე ეს სადგური გამოიყურება. 2017 წლიდან მიდის ვითომ რეაბილიტაცია. ერთხელ დახურეს რეაბილიტაციისთვის, მერე ყოველგვარი რეაბილიტაციის გარეშე გახსნეს, მერე ერთი პროექტი შეითანხმეს, მეორე პროექტი შეითანხმეს, მესამე… ბოლოს თქვეს, 2024 წელს გაიხსნებაო და აგერ, 2025 წლის ზაფხულია და ჩაბრძანდით და ნახეთ, როგორ გამოიყურება. ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ, წვიმის დროს ტაშტები აწყვია ვესტიბიულში. ჭერი შეიძლება, ჩამოვარდეს ნებისმიერი ძლიერი წვიმის დროს და რა მოხდება და ვის მოიყოლებს, ღმერთმა უწყის.” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.