პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასა და კიევში მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით “ფეისბუქის” მეშვეობით განცხადებას ავრცელებს.
“ჩემი დაკავება მოხდა სასამართლო დარბაზში და არანაირი ჩხრეკა ჩემს საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა, ხოლო ის რისი ტირაჟირებაც მტკიცებულების სახით მოახდინა პროკურატურამ, დადგება დრო და პროკურატურას, პირადად შოთაძეს მოუწევს პასუხისგება აღნიშნულთან დაკავშირებით.
მივმართავ გაეროს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს გაეროსთან მიცემულ ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებს და აქედან გამომდინარე შეისწავლონ და იმოქმედონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში”, – წერს ქარდავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად “ქილერა”) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.
ამასთან, უწყების ცნობით, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა პირმა თვითმკვლელობა სცადა.
გარდა ამისა, პროკურატურა აცხადებს, რომ მეგის ქარდავას დაკავებისას, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას არაერთი ვიდეო-ჩანაწერი ამოიღეს, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.