თბილისის მერიის ცნობით, „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას განაგრძობს – ამჯერად, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე დაიწყო.“
როგორც უწყება ამბობს, „პროექტის განხორციელების მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის ზრდა, რისთვისაც, საავტობუსო მარშრუტს ახალი მიმართულება დაემატება და უმოკლესი გზით შესაძლებელი იქნება აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაკავშირება. შედეგად, შემცირდება მგზავრობის დრო, რაც მეტ კომფორტს შექმნის გადაადგილებისთვის.”პირველ ეტაპზე, აღნიშნული ცვლილება N306 ავტობუსის მარშრუტს შეეხება, რომელიც სამომავლოდ ახალი 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება.“
„პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება არსებულ კუნძულებს და მოეწყობა განახლებული ტროტუარები, გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანების კუნძულები. სრულად განახლდება ქვეითთა ინფრასტრუქტურა: ტერიტორიას დაემატება გადასასვლელი პანდუსები, ზებრა გადასასვლელები და სივრცე ადაპტირდება შშმ პირებისთვის. დასკვნით ეტაპზე განხორციელდება დახაზვის სამუშაოები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებას, სისწრაფესა და კომფორტს, გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეფექტიანობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.