საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის“ დირექტორი, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ნათია სვანიძეა.
როგორც ზემოაღნიშნული მედია იუწყება, სვანიძე თანამდებობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ბრძანებით, 2025 წლის 24 თებერვალს დაინიშნა და 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა ერთ თვეში ეწურებოდა.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნ. ს.“
როგორც უწყება ამბობს, ბრალდებულმა ქრთამის სახით 20 ათასი ლარი მოითხოვა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. ბრალდებულმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის 10 დღით ქირავნობით დაინტერესებულ ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარი. დაკავებულის მოთხოვნით 5000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო ა(ა)იპ -ის ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის. დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით ნ.ს-მ დაამზადა ორი ხელშეკრულება. ერთი ფართის ქირავნობის, ხოლო მეორე ფიქტიურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით. ნ.ს. დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის, 7000 ლარის აღების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით. საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებზე“,- იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.