„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ ჩაატარა საგანგებო ბრიფინგი, სადაც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა დანაშაული და ეროვნული ღალატია“.
„ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზე აინტერესებთ ჩვენი პოზიცია ე.წ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაგვიფიქსირებია ხედვა ამ მოვლენაზე.
საქართველოს ლეიბორისტული პარტია გახლავთ პარტია, რომელმაც მიიღო ყველაზე პირველმა და ყველაზე მთავარი დარტყმები რეპრესიული რეჟიმისგან, მაგრამ ეს გახლავთ პოლიტიკური ძალა, რომელმაც ტერორისტული რეჟიმი მიიყვანა საერთაშორისო სანქცირებამდე და ჩამოშლამდე.
ამ ფონზე, ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა წარმოადგენს დანაშაულს და პირდაპირი გაგებით, ეროვნულ ღალატს, რომელსაც ისტორია არავის არ აპატიებს.
მსოფლიო პოლიტიკა არ იძლევა პრეცედენტს, რომ ტერორისტული, კრიმინალური, დიქტატორული რეჟიმი სადმე შეცვლილიყო ადგილობრივი არჩევნების გზით. ჩვენს კოლეგებს, როგოც ჩანს, ეს ინფორმაცია, არ აქვთ, რადგან ბიზნესიდან არიან მოსულები და იციან ანგარიში, ბალანსი, აუდიტი. ამიტომ, მე მოვუწოდებ მათ, მაინც არ მემეტებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში წასასვლელად – უარი თქვით ძირშივე არასწორ გადაწყვეტილებაზე და დადექით იმ ხალხის გვერდით, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა თავისუფლებისთვის ბრძოლის ხარისხითა და ტემპებით და იმ ღირსეული ახალგაზრდების გვერდით დადექით, რომელთა ნაწილი დილეგებსა და ციხეშია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და სიმართლის გამო.
აქვე ვაფრთხილებთ ყველას, ვინც აპირებს ამ ფარსში მონაწილეობას, ხელისუფლების შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, ადგილობრივი არჩევნების შედეგები გაუქმდება, გამოცხადდება არალეგიტიმურად და ყველა დეპუტატი, მერი თუ ვინც იქნება და ის ხარჯი და ის ბარჯი წყალში ჩაგეყრებათ.
თუ ვინმეს სჭირდება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, სტუქტურებში გამაგრება, ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლა, ეს პირველ რიგში ლეიბორისტული პარტიაა, მაგრამ იმხელა დიდი საქმე გაფუჭდება… იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდითაა და დემოკრატიული სამყარო არ ცნობს რეჟიმის ლეგიტიმურობას და კანონიერებას, ჩვენი შეძრომით ამ არჩევნებში იმდენი რამე გაფუჭდება, რომ უკან ვერაფერს ვეღარ მოვატრიალებთ და ჩაგვიქროლებს ისტორიის ექსპრესი უკან დაუბრუნებლად.
მინდა მთელი პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ განვაცხადო – რომ ყველა მოქალაქემ სწორად უნდა შეიგნოს არსებული ისტორიული ეტაპის სიმწვავე და გადამწყვეტი ფაზა, არავინ არ მიხვიდეთ კრიმინალ დიქტატორის მიერ დანიშნულ არჩევნებზე, რომელიც ემსახურება მისთვის სასანქციო ზეწოლის შემსუბუქებას და რაიმე გეოპოლიტიკური გადაწყობის პროცესში ისე სხარტად გაძრომას ხვლიკივით, როგორც მას ჩვეოდა 12 წლის წინათ, კოვიდიანობის პერიოდში და კიდევ სხვა ეტაპებზე, როდესაც გამოიყენა რეჟიმმა ყველანაირი გეოპოლიტიკური ცვლილება თავის სასარგებლოდ. არ გამოაყენებინოთ თავი.
მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი რწმენა, რომ ჩვენი ღირსეული ხალხი არ ყლაპავს ამ სატყუარას, რეჟიმი კიდევ ერთხელ გაბანძდება, არჩევნები ჩაიშლება, რეჟიმი ჩამოიშლება და საქართველო გაბრწყინდება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.