24 ივლისს სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, რომელთა ერთი ნაწილი ნარკორელიზატორია, ნაწილს კი დიდი ოდენობით ნარკოტიკებიბს შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. შსს-ს განცხადებით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
“სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ფენტანილი“, „ჰეროინი“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და სხვა” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.