ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით ქართველ მედიკოსებს მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია გამოხატონ.
“ყველაზე მეტად ამ სამყაროში, პატივს ვცემ პროფესია-ექიმს. ყველაზე მეტად! ვაფასებ და ვენდობი ქართველ ექიმებს და ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემა როცა მქონია, არასოდეს წავსულვარ სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ, იმიტომ, რომ თვალდახუჭული ვენდობოდი ქართველ ექიმებს.
ახლა? – ახლა მაკვირვებს მათი დიდი ნაწილის დუმილი, როცა საქვეყნოდ კვდება პაციენტი და ხმას არ იღებენ. მესმის, რომ სადაზღვევო ინტერესებითაა მიბმული ბევრი კლინიკა სახელმწიფოზე და ეშინიათ დაფინანსება არ დაკარგონ, მაგრამ არ მესმის, ამან როგორ შეიძლება გადაწონოს უმძიმესი პაციენტის სიკვდილის საფრთხე და როგორ შეიძლება გაჩუმდნენ ამ დროს?!
ჯერ კიდევ მაქვს იმედი, კონსილიუმში შემავალი ექიმები ხმას ამოიღებენ! – არცერთი დაფინანსება არ ღირს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიზანმიმართულ მკვლელობაზე თვალების დახუჭვად – გაბედეთ და ხმამაღლა თქვით თქვენი სათქმელი და მოითხოვეთ მოშიმშილე პრეზიდენტის შესაბამის კლინიკაში გადაყვანა!!! ძალიან მძიმე ისტორია იწერება ახლა და ნუ მოაწერთ ხელს ამ ისტორიას, ჰიპოკრატეს ფიცის დამდები ხალხი!!!”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
