„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.
„როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე, არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული.
უფრო სწორად, პირველი რაც გავაკეთე ტელევიზორის წინ, საკნის შუაში მდგომმა, თითებზე გადავითვალე რამდენი გამოდიოდა, როდის უწევდა 7 თვე და მერე დავიწყე ფიქრი, რას ვმაზავ დეკემბრამდე.
კოსტას დაბადების დღე ივლისში.
ბებიაჩემის და ბიძაჩემის (რომლებიც ცოცხლები აღარ არიან და რომლებმაც გამზარდეს) აგვისტოში.
მამაჩემის (ასევე აღარაა ცოცხალი) დაბადების დღე სექტემბერში.
ალექსანდრეს დაბადების დღე ასევე სექტემბერში.
კატოს დაბადების დღე ოქტომბერში.
მერე ვიფიქრე, რომ ყველაფერი ნატას დაეყარა თავზე და უსამართლობაა.
მერე ვიფიქრე, რომ თვითონაც არ იცის რამდენად მაგარია და გაუძლებს.
მერე ისევ კოსტასთან დავუბრუნდი და ვიფიქრე, რომ ყველაზე მეტად მას გაუჭირდება.
მერე შემეშინდა, რომ ისეთი სიახლოვე აღარ გვქონდეს მე და კოსტას, როგორიც გვქონდა. შემეშინდა და შევეშვი ფიქრს.
დედაჩემზე გადავერთე, მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს“, – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ჯაფარიძეს დაეკისრა გირაო, რომელიც არ გადაიხადა. მას 7-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.