2 წლის წინ, წყნეთის სკვერში ტრაგედია მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის დათუნა ჟღენტს დენმა დაარტყა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაღუპული მოზარდის დედა, ქეთი ჟღენტი „ტვ პირველთან“ საუბრობს.
„პირველივე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეზე რამდენიმე პირი იყო დაკავებული – მეც ასე მეგონა და ამის დარდი არ მქონდა, სამედიცინო დასკვნის მოლოდინში ვიყავი. მას შემდეგ, რაც საქმეში ჩავერთე, მე თვითონ მომიწია, პათ ანატომთან დარეკვა…
საქმე გია შაიშმელაშვილს გადაეცა, დღეს დღეობით ამ საქმის პროკურორი არის გია შაიშმელაშვილი. მასთან მრავალგზის სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა – პირადად 3-4-ჯერ შევხვდი. იყო დაპირებები მაგრამ…
ამ საქმესთან დაკავშირებით, შეიქმნა ოთხ ტომ ნახევარი, თუმცა ის მასალაა, რომელიც იმ ორ დღეში გაკეთდა. ორი წლის თავზე, არაფერი გაკეთებულა: არ გვყავს ეჭვმიტანილი, არ გვყავს ბრალდებული, არავინ ჰყავთ დაჭერილი, პასუხიმგებლობა არავინ არ აიღო.
პირდაპირ ვაცხადებ: ეს არის სისტემური მკვლელობა, შვილი მომიკლეს, დამიღუპეს უპასუხისმგებლობის, უყურადღებობის, საქმისადმი გულგრილი, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო. ამ ყველაფერმა მიიყვანა საქმე იქამდე, რომ დათუნა დღეს ჩემთან არ არის.
როცა ვაკე -საბურთალოს გამგებელთან მივედი პირველი კითხვა დავუსვი – ჰქონდა თუ არა დანაშაულის და პასუხისმგებლობის შეგრძნება – ეს ადამიანი დამეთანხმა, კი, მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ დამნაშავედ თავს არ ვგრძნობო“, – ამბობს გარდაცვლილი ბიჭის დედა.