ნამახვანჰესის საინვესტიციო პირობების დარღვევის გამო საქართველომ თურქულ კომპანია ENKA-სთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო.
მიღებული გადაწყვეტილებით, კომპენსაცია 383.2 მილიონ დოლარს შეადგენდა. კომპანიამ აღსრულებისთვის ENKA-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა.
როგორც bm.ge წერს, მიმართვის თანახმად კომპენსაციის მოცულობა უკვე გაზრდილია და ის უკვე 450 მილიონ დოლარს აღემატება. ამასთან, აღნიშნულ თანხას საურავიც ერიცხება.
მიმართვის თანახმად, საქართველოს მიერ გადასახდელი კომპენსაციებია:
საქართველოს დაეკისროს Enka-სთვის 297,000,000 აშშ დოლარის გადახდა, ამ თანხაზე დაწესებული იქნება პროცენტი როგორც არბიტრაჟის გადაწყვეტილებამდე, ისე გადაწყვეტილების შემდგომ, ყოველდღიურად დარიცხვით და თვეში ერთხელ კაპიტალიზებით, შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის უზრუნველყოფილი ღამის დაფინანსების განაკვეთის (SOFR) პლუს 4 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს დაეკისროს Enka-სთვის გადახდა 52,411,764.70 აშშ დოლარის ოდენობით, როგორც საგადასახადო კომპენსაციის (Tax Gross-Up) თანხა, იმ შემთხვევაში, თუ Enka გადაიხდის აღნიშნულ თანხას საქართველოს საგადასახადო ორგანოებში; აღნიშნულ თანხაზე დარიცხული იქნება ყოველდღიური პროცენტი და თვეში ერთხელ კაპიტალიზება SOFR პლუს 4 პროცენტის განაკვეთით, Enka-ს მიერ საქართველოს საგადასახადო ორგანოებში გადახდის დღიდან მოყოლებული;
ასევე, საქართველოს დაეკისროს Enka-სთვის გადახდა 11,290,927 აშშ დოლარის, 307,644.66 ევროსა და 34,861.58 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ოდენობით, ამ თანხებზე კი დარიცხული იქნება ყოველდღიური და თვეში ერთხელ კაპიტალიზებული პროცენტი SOFR პლუს 4 პროცენტის განაკვეთით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან მოყოლებული.
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორს-მაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამახვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.