საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
“გავა დრო და ამ დღის გახსენების ყველას შერცხვება, 8 ნოემბერი. 2021 წელი – თმებით ნათრევი მესამე პრეზიდენტი, ეხლა ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ დადგება დრო და ყველა გაემიჯნება დღევანდელ დღეს, ისინიც კი, ვისაც ამ წუთებში უხარია. და კიდევ მეტყვის ვინმე, რომ ამ ჰორორის მთავარი მიზანი სააკაშვილის სიკვდილი არაა? არაა ადამიანი, არაა პრობლემა” – წერს ინგა გრიგოლია.
8 ნოემბერს, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სააკაშვილმა მისი უფლებების დარღვევაზე ისაუბრა, ექს-პრეზიდენტის განაცხადებით, რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს. მისივე ცნობით, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის დროს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, კერძოდ, მანქანიდან ძალით გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს ჩაარტყეს კისერში და თმებით ათრიეს.
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი თავისი ხელით ალაგებს პირად ნივთებს და ტოვებს დაწესებულებას.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უწყების თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ასევე ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა. ამ ფაქტს ბრეგაძის თქმით, გენერალური ინსპექცია სწავლობს, რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება. მისივე მტკიცებით, რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ დარღვეულა.