2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან 14 წელი გავიდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
“მეც მახსოვს 7 ნოემბერი. მახსოვს და ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება!!! ისევე როგორც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება 5 ივლისი, ჩემი დასისხლიანებული კოლეგები, თანამშრომლები და ლექსო ლაშქარავა, რომელიც ბინძური პროპაგანდის წყალობით, მეორედ მოკლეს, გარდაცვალების შემდეგ და მახსოვს ისიც, რომ სისხლიანი 5 ივლისის არცერთი ორგანიზატორი არაა დასჯილი (მაგათი დროც მოვა! ვის დასჯიდნენ?! – ხელისუფლებამ მოაწყო თავად)! ჩავამატებ – 20 ივნისი და თვალებდათხრილი ადამიანებიც მახსოვს და მძულს ის დღე, რომელსაც იგივე წარმატებით აპრავებენ 7 ნოემბრის მგმობელნი, როგორც 5 ივლისს…
ხოდა, 7 ნოემბერი რომ მახსოვს, 20 ივნისიც და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი!
P.S. 7 ნოემბერი გვახსოვსო, ის ხალხი რომ წერს, რომელიც 5 ივლისს დღემდე აპრავებს, აი, მაგ ხალხის გოდებისა შვიდ ნოემბერზე, არცერთი წამით არ მჯერა და არც თქვენ დაიჯეროთ. (მათგან ზოგი იმ 7 ნოემბერსაც აპრავებდა). მომავალში ეგენი პირველები დაწერენ -გვახსოვს 5 ივლისიო. კარგად ბრძანდებოდეთ!”, – დაწერა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში.
2007 წლის 7 ნოემბრიდან ზუსტად 14 წელი გავიდა, სახალხო პროტესტს წინ რიგი მოვლენები უძღოდა, რომლის გამოც 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო.
პროტესტის მონაწილეები იმდროინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად პოლიციამ დაარბია ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშავდა ათობით ადამიანი, მოგვიანებით პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია “იმედის” ოფისში შეიჭრა, სადაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ძალისმიერად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, ამის შემდეგ არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა- ასევე უკვე 8 ნოემბერს დილის 11 საათზე ძალოვანმა უწყებებმა ბათუმში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტური აქცია ძალის გამოყენებით დაარბიეს, მაშინდელი მაღალჩინოსნების განცხადებით, სპეცრაზმი კანონიერად მოქმედებდა.
ერთ-ერთი საქმე, რის გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული, სწორედ 7 ნოემბრის ეპიზოდია.
