“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე მთავრობის მეთაურის დღევანდელ გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ეხმაურება:
“ეს ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი მკვლელია!”, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება.
მისი თქმით, მხოლოდ “მწვანე პასპორტის” მქონე ადამიანებს შეეძლებათ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლა.
“პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება “მწვანე პასპორტის” კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. პირს “მწვანე პასპორტი” აქვს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად (ორჯერ), ჩატარებული აქვს 72 ვალიდურობის PCR ტესტი ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე სტატუსი აქვს პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, იყო წინადადება, რომ აქ შეზღუდვა ყოფილიყო 6 თვემდე, მაგრამ ჩემი ინიციატივა იყო, რომ ეს შეზღუდვა მოხსნილიყო. “მწვანე პასპორტის” მოთხოვნა იქნება 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის.
1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ეს ობიექტებია: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე, საკონცერტო დარბაზები, სათამაშო ბიზნესის ობიექტები და ა.შ. ამის შესახებ პრესსამსახური დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.
“იმისთვის, რომ არ იყოს რაიმე სპეკულაციის და დეზინფორმაციის გავრცელება, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, არ არის სავალდებულო და არ გახდება, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდ ავუხსნათ, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი და აცრა გვიცავს სიკვდილისგან”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, სააკორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.
