საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ბუქარესტში „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.
ზურაბიშვილის თქმით, როცა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს, ვერ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დღე, როცა ყველა თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში მედია მოულოდნელად ერთმანეთის მიყოლებით გაქრებოდა, იძულებით დასრულდებოდა და გაქრებოდა თავისუფლების, ფინანსების, ყველაფრის ნაკლებობის გამო. დღეს კი საქართველო გზაჯვარედინზე დგას. ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელიც არ იქნა არჩეული, არ იქნა არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, გადაწყვიტა ჩვენი კონსტიტუციის და უფრო მეტიც, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მკვეთრად შებრუნდეს ევროპისგან, დემოკრატიისგან.
წლების განმავლობაში საქართველო ევროპულ ინტეგრაციას მისდევდა, ახორციელებდა მნიშვნელოვან რეფორმებს, იმსახურებდა მხარდაჭერას მთელ კონტინენტზე და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდის ბოლოდროინდელი ტალღების მიუხედავად, ქართველების დაახლოებით 80% კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. დღეს კი, ამ დიდი უმრავლესობის ნება იგნორირებულია“, – განაცხადა მან.
ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ავტორიტარულ კანონებს იღებს და მისი მიზანია, ხალხში არსებულ პროტესტს შეეწინააღმდეგოს. ზურაბიშვილის თქმით, მზია ამაღლობელი ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრის სიმბოლოდ იქცა.
„მმართველი რეჟიმი ზურგს აქცევს ევროპას, ყოველდღიურად იღებს თითქმის ავტორიტარულ კანონმდებლობას, კრემლის სტილის ან მოსკოვში დაწერილი კანონების შემოღების ზომებს და თრგუნავს წინააღმდეგობას. 200 დღეზე მეტია ქუჩებში აქციები იმართება, დამოუკიდებელ მედია თავს ესხმიან, ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან და 60 აქტივისტი განაჩენს ელოდება. დღეს საქართველოში პრევენციული პატიმრობა ცხრა თვეა, რაც რუსეთში არსებულზე მეტია. ჟურნალისტი, ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სახედ, სიმბოლოდ იქცა. მას შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება არაფრისთვის, მაგრამ ყველაფრისთვის, რადგან ის იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ციხიდანაც კი. რეპრესიები, დაშინება, კონტროლი და მაინც ხალხი არ ნებდება“,- თქვა ზურაბიშვილმა.