სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907).“
უწყების ინფორმაციით, „შემოწმებისას ინსპექტორებმა სალმონელაზე კვლევის მიზნით აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა (SALMONELLA).“
„შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.