“ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, გაურკვეველია, კვლავ აქვს თუ არა ირანს ბირთვული პროგრამა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „როიტერს“ განუცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ-ს კვირას ირანთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი, მაგრამ დარწმუნებული არ არის, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისთვის შეთანხმების დადება ჯერ კიდევ არ არის გვიან.
ტრამპის თქმით, ისრაელის თავდასხმის გეგმების შესახებ ყველაფერი იცოდა.
„ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ვცდილობდი, ირანი დამეცვა. ძალიან ვეცადე მათ გადარჩენას, რადგან ძალიან მინდოდა შეთანხმების მიღწევა. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა, ჯერ კიდევ არ არის გვიან“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.