აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული შეტევის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ტრამპის თქმით, წინასწარ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ ისრაელი ირანზე დარტყმებს განახორციელებდა და ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
„ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი, თუ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მზადყოფნაშია“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა დღეს განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.