რეჟისორმა დავით დოიაშვილმა გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” იმ კონფლიქტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მსახიობ ზურა ყიფშიძესთან ჰქონდა.
„ეს არის თემა, რაზეც მე ძალიან დიდი ხანია არ მისაუბრია. რაც ინტიმურია, ყოველთვის ვერიდები ამაზე ლაპარაკს, ახლა ვნერვიულობ, ნერვიულობა არ ჰქვია, მაგრამ როცა კამერები მიყურებს, ძალიან მიჭირს ასე საჯაროდ რაღაცების მოყოლა. თუმცა, “დრო ყველაფრის მკურნალია” და ალბათ გავიდა ეს დრო და მეც ზუსტად მივხვდი, რა იყო ჩემი არასწორი პოზიციაც. ეს ეხება კონფლიქტს, რომელიც მე და ბატონ ზურაბ ყიფშიძეს მოგვივიდა.
მე მინდა ვთქვა, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთია, (არ ვიცი) წარმოუდგენელი ნიჭის მქონე ადამიანი. არის რაღაც, რაც უბრალოდ არ ისწავლება, ღმერთისგან მინიჭებულია.
გადავწყვიტე, რომ დამედგა „სირანო დე ბერჟერაკი“ და მთავარ როლზე მოვიწვიეთ ზურა ყიფშიძე. ყოველი რეპეტიცია იყო ახლის აღმოჩენა და სიამოვნება. ახლაც რომ მახსენდება ეს რეპეტიციები, აქედან ბევრ რამეს ვსწავლობდი.
გაფრთხილებული ვიყავი, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს და შეიძლება, ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ვიტყვი – იმედია, ზურას არ ეწყინება, რომ მას აქვს პრემიერის შიში, მაყურებლის შიში. ეს ცნობილი შიშია… არიან არტისტები, მაგალითად, ნინო კასრაძე, აბსოლუტურად პირიქითაა, ეშინია რეპეტიციების დროს, მაგრამ პრემიერაზე იმდენად მზადაა, რომ ერთი სული აქვს, სცენაზე გავიდეს. ზურას კი აქვს ხასიათი, რომ მითხრეს, პრემიერის წინ ყველაფერს გააკეთებს, რომ პრემიერა არ შედგესო. ამისთვის იყავი მზად და შენი ლავირებით მიიყვანე პირველ დღემდე, მთავარია, პირველი დღე ათამაშოო.
„სირანო დე ბერჟერაკი“ უნდა გვეთამაშა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, ჩვენ ვხურავდით ამ ფესტივალს. დამირეკა ეკა მაზმიშვილმა, რომ 5-6 იმპრესარიოს სურდა ზურა ყიფშიძის ნახვა და მთხოვა, გენერალურ რეპეტიციაზე მათი მიყვანა. ვთხოვე დასს, ზურასაც… მათ წინაშე ვითამაშეთ, გაოგნებული სახეები ჰქონდათ, მერე ზურას ცალკე ესაუბრნენ, ისიც ძალიან კმაყოფილი იყო.
პრემიერამდე ერთი დღე იყო დარჩენილი. მე რატომღაც გადავწყვიტე, რომ ეს შიში მან გადალახა. შემდეგ მოხდა ისე, რომ პრემიერის დღეს, (არ მახსოვს რაზე, მართლა არ მახსოვს) რეპეტიციაზე დაიწყო ჯაჯღანი. არვიცი რა მოხდა ჩემში… მე მას ვუთხარი, რომ დავამთავრეთ ურთიერთობა და ყველაფერი-მეთქი. ვუთხარი, რომ არაფერი აღარ შედგებოდა. ჩავშალე პრემიერა.
მახსოვს, რომ დასიც ძალიან განერვიულდა. ყველა არტისტი, ვინც თამაშობდა, ვინც – არა, ამდენი შრომა წყალში არ ჩავყაროთო, მთხოვდნენ, მაგრამ ეს არის ჩემი ძალიან ცუდი ხასიათი. არის რაღაცები, რის იქითაც ზღვარს ვეღარ გადავდივარ.
მერე კი დავდგი ეს სპექტაკლი სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ქართველმა მაყურებელმა ვეღარ ნახა და ეს ზურას გამოა გულდასაწყვეტი, იმიტომ, რომ წარმოუდგენლად თამაშობდა, მაგრამ ის, რაც ერთხელ გატყდა, ვეღარ აღდგება. განვიცდი იმას, რომ ქართველმა მაყურებელმა ვერ ნახა ზურა ამ როლში, თორემ სპექტაკლს ვერ განვიცდი.
გავიდა დრო და მივხდი, რომ ამას ვნანობ. ჩემს გადაწყვეტილებას არა, ვნანობ იმას, რომ სამწუხაროდ, ზურა (ყიფშიძე) ვერ ნახა ქართველმა მაყურებელმა.“, – ამბობს დავით დოიაშვილი ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში.