„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარკვეული დოზა აუთვისებელი დარჩა – დღეიდან აღნიშნული ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა.
აღნიშნულ ინფორმაციას “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“ეს არის ქართული რეალობა!
ფაქტია, საღმა აზრმა წააგო საქართველოში!
არაპროფესიონალიზმმა მოიგო და დაიპყრო ქვეყანა!
გაუნათლებლობამ წალექა ქვეყანა!
ამ ქვეყნის მომავალი სად არის?! არის, რო?! ვითომ პოლიტიკური გაუნათლებლობა (თან ძალიან კარგად იციან, რასაც აკეთებენ, ეს ყველა პარტიას ეხება), დაკომპლექსებული ხალხით მანიპულაცია, გაუნათლებლობით თამაში, და შიშზე ზეწოლა … ეს ამაზრზენია…
სამწუხაროდ, საქართველოში კოვიდვაქცინების მარაგი არ იქნება გამოყენებული და სჯობს, ვაქცინები (სანამ ვადა გაუვა) ჰუმანიტარული გზებით გადავცეთ იმ ქვეყნებს, სადაც საერთოდ ვაქცინაციის პროცესი არც კი დაწყებულა ვაქცინების არარსებობის გამო.
ჩვენ საკუთარი ხელებით ვანადგურებთ ჩვენს მომავალს და ჩვენს ქვეყანას!”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა. დღეიდან, იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: “ფაიზერი“, „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული “ასტრაზენეკას” დოზები.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება “ასტრაზენეკას” რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 8 ოქტომბერს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ იყო ალბათობა, აუთვისებელი “ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დარჩენილიყო.