ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციებისას დაკავებული 11 პირის – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის – პროცესი მიმდინარეობს.
დაპატიმრებულმა ანდრო ჭიჭინაძემ, სიტყვით გამოსვლისას, მიმართა მოწმე პოლიციელს, რომელიც დღევანდელ პროცესზე იკითხება.
„ისმება კონკრეტული კითხვები და მოწმე არც ერთი კონკრეტულ კითხვას, არც ერთი კონკრეტული პასუხით არ პასუხობს. ზოგადად პასუხობს და დრო გადის აბსოლუტურად ტყუილად. ბატონო დავით, მოეშვით მორალური პიედესტალიდან ლაპარაკს, ეს ერთი, მორალური პიედესტალიდან ლაპარაკს მოეშვით, ამის უფლება თქვენ არ გაქვთ…
მეორე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პიედესტალიდან, ძალიან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით, ეგეთი ლაპარაკი ყველას შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ ხომ? დიდი თხოვნა იქნება ჩემი, ან თქვენ შეასწოროთ, ან არ ვიცი. ასეთი ლაპარაკი, შინაარსზე აღარ ვლაპარაკობ და განზრახვაზე, რა იფუთება და როგორ იფუთება, მაგას არ ვეხები ამ შემთხვევაში, ყველამ გადასარევად იცის, რა ხდება და როგორ ხდება. ამ შემთხვევაში ეს რაღაც ფამილიარული ლაპარაკი არის ძალიან გამაღიზიანებელი“, – თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, აღნიშნულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.