მინდა, მივმართო მანდატურებს, რომლებიც დედაჩემს შეეხნენ ხელით. ყოველე ეპიქაში ქალზე ძალადობას ყოველთვის ერქმევა არაკაცობა, – ამის შესახებ მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ვიდრე სხდომა დაიწყება, მინდა, მივმართო მანდატურებს, რომლებიც დედაჩემს შეეხნენ ხელით. ყოველე ეპიქაში ქალზე ძალადობას ყოველთვის ერქმევა არაკაცობა. მივმართავ კონკრეტულად დავით მათიაშვილს, რომელიც დედაჩემს შეეხო ხელით, რომელიც ყოველთვის ძალადობს ქალებზე და არაერთხელ მინახავს ამ დარბაზში საკნიდან და ძალიან ცუდი სანახავია. მაინტერესებს, დედამ რა ასწავლა, რომ ქალებზე ძალადობა მაგარიაო?
რაც შეეხება ზურა ჯაფარიძეს: ამ სახელს და გვარს ყოველთვის გამოვაცხადებ და ასევე მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო სტუდენტებს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას რაც შეეხება: საქართველოში არასდროს არ დადგება ისეთი მომენტი, როცა თავისუფალი სიტყვა არაღიარებული პარლამენტის მიერ შეიზღუდება. ვერ ეღირსებთ ამას”, – თქვა კაციამ.
შეგახსენებთ, ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.