მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა – ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო’მალი დაამარცხა.
დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
“ეს კარგი მომენტია, აქ ამერიკის პრეზიდენტი, ბატონი დონალდ ტრამპია.
საქართველოს გაუმარჯოს, ამერიკას გაუმარჯოს. ჩემი ქვეყანა ჩემთვის შთამაგონებელია.
მადლობა დანა უაით ამ შესანიშნავი ორგანიზაციის შექმნისთვის. მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, მე არაფრისგან მოვედი და ძალიან მადლიერი ვარ. მიხარია, რომ ახალი თაობისთვის შემიძლია შთაგონების წყარო ვიყო. საქართველო, მიყვარხარ.
გთხოვთ, გჯეროდეთ თქვენი ოცნებების და მიჰყევით მათ, იშრომეთ ამისთვის, მიჰყევით ოცნებებს და ყველაფერი შესაძლებელია. თუ მე შევძელი, თქვენც შეძლებთ.
ყოველ დღე შრომა, ვარჯიში. პირველ რიგში ვდგები, ვვარჯიშობ და შემდეგ შემიძლია გავერთო, ვისიამოვნო მეგობრებთან ერთად, წავიდე ეკლესიაში.
მე არ ვარ რაღაც განსაკუთრებული, ნიჭიერი. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩემი კარდიო გენეტიკურია. არა, მეგობრებო, მე ვიღლებოდი, სულელურ სიგარეტს ვეწეოდი, ეს ძალიან ცუდია, ფილტვებისთვის, კარდიოსთვის და ყველაფრისთვის ცუდია” – განაცხადა დვალიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი წარმატება უდიდესი შრომის შდეგია.
ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დვალიშვილმა განაცხადა, რომ ორკვირიან შესვენებას იღებს, შემდეგ კი აშშ-ში დაბრუნდება და ილია თოფურიას დაეხმარება, რომელსაც 29 ივნისს მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლა ელის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან.
„ორკვირიან შესვენებას ვიღებ. ჯერ საქართველოში მივდივარ ერთი კვირით მეგობრებთან ერთად. იქ კარგი ადგილებით და საკვებით ვისიამოვნებთ, შემდეგ კი ერთი კვირით აზერბაიჯანში ვიქნები.
ორ კვირაში დავბრუნდები და ილია თოფურიას ბრძოლისთვის მზადებაში დავეხმარები. ამის შემდეგ, UFC-ის შეუძლია, დამირეკოს და ბრძოლა ჩამინიშნოს“, – განაცხადა დვალიშვილმა.