ვროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, 55 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს მოხსენებას და რეზოლუციის პროექტს საქართველოს შესახებ.
რეზოლუციის პროექტი გმობს მშვიდობიანი მოქალაქეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს სახალხო პროტესტის ჩახშობისკენ მიმართული დრაკონული კანონმდებლობა.
რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიმართ პოლიტიკის დაუყოვნებელი და ყოვლისმომცველი აუდიტის აუცილებლობას, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების გადახედვას.
დოკუმენტი იმეორებს მოთხოვნას ახალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და არ ცნობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა“.
პროექტის მიხედვით, “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნებულია”.