გასულ ღამეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ის 32 წლის ბესო ბოლქვაძეა.
პირველადი ინფორმაციით, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.
როგორც გამოცემა “ბათულემები” ახლობლებზე დაყრდნობით წერს,ოჯახის ახლობლებმა მოკლული კაცის ცხედარი მანქანაში დღეს დილით იპოვეს – მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა სავარაუდოდ ქვას წამოედო და წყალში ნახევრად ჩაიძირა.
ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია, ტურისტებზე კატერს აქირავებდა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკუთარი კატერის გაქირავებით დაკავებულ ბესო ბოლქვაძეს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაუკავშირდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს კონკრეტული წარმომადგენლები და წილის დათმობა მოსთხოვეს, ასევე მოსთხოვეს ის, რომ ბესო ბოლქვაძეს მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი სხვა კატერისთვის დაეთმო.
ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ბესო ბოლქვაძეს უარით გაუსტუმრებია. ინფორმირებული პირების ვარაუდით, მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს.
შს სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.