ანსამბლი „სუხიშვილები“ სოციალური ქსელით ორი დღის წინ, Tbilisi open air-ზე ნინო სუხიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა.
აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა.
დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა.
ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა.
გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს.
კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნინო სუხიშვილმა გამოსვლისას თქვა: “ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, დიდება უფალს! ჩვენი დასი ემიჯნება იმ სიტყვას, რომელიც აქ გაჟღერდა, რომელიც მკრეხელური იყო ჩვენი გაგებით. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო – ენა, მამული, სარწმუნოება…“
აღნიშნულმა ნათქვამმა დაბნეულობა გამოიწვია. გაუგებარი აღმოჩნდა, კონკრეტულად ვის გამოსვლას გულისხმობადა ნინო სუხიშვილი. ზოგს ეგონა, რომ მას ჰომოფობიის წინააღმდეგ ნამღერი ტექსტები არ მოეწონა, ზოგს კი სხვა ვერსია ჰქონდა.