ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ საერთო განცხადებას ეხმაურება.
„პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს, რა თქმა უნდა, დიფ სთეითი, პირდაპირ ჩანს ეს ყველაფრიდან. ჯერ მარტო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო. 26 მაისი არის საზეიმო დღე, საზეიმო დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება, ნუ პროტოკოლსაც კი არ იცავენ, ეტიკეტსაც კი არ იცავენ. აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს, ეს არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – თქვა კობახიძემ.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, ქართველ ხალხს გავუგზავნოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს მათ მზაობას, იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილი.
ამიტომ, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიული უკუსვლა და თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და აუცილებელი რეფორმების პროცესი კვლავ უნდა განახლდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“, – აღნიშნულია მაკრონის, ტუსკისა და მერცის საერთო განცხადებაში.