დღეს, 15:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი უნდა გაიმართოს.
სასამართლოსთან არსებული სიტუაციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე აქვეყნებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლო / Tbilisi City Court
შენობაში კამერების შეტანა აკრძალეს. ფოიეშიც ვერაფერს ვიღებთ, პრესამსახური არ პასუხობს მედიას.
რას ეყრდნობა ბრძანება კამერების შენობაში აკრძალვაზე? პარლამენტიც კი, წინა დღეს აფრთხილებს მედიას წესის ცვლილებაზე.
არის ეჭვი, ლელა ჭანიამ, ლევან მურუსიძის მეუღლემ გასცა ბრძანება, კამერები არ დამანახოთო და ახლა ყველა ქუჩაში დატოვეს.
Keti Basilashvili ან გვიპასუხე ტელეფონზე ან განმარტე რა ხდება. უკანონოდ გვიზღუდავთ სასამართლოს შენობიდან ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას!“, – წერს მელაძე.
შეგახსენებთ, ჯაფარიძემ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაო არ გადაიხადა. შესაძლოა, მას პატიმრობა მიუსაჯონ.
ამასთან, საქალაქო სასამართლოსთან ჯაფარიძისადმი სოლიდარულად განწყობილი ხალხია მობილიზებული. მათ ნაწილს სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალება არ აქვს.