ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს საქართველოსთან დაკავშირებით შტატების პოზიციის შესახებ ჰკითხა.
„ჩვენ ამას განვიხილავთ და ვიკითხავთ – არის ჩვენს ინტერესებში ანტიამერიკული მთავრობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს მართავდეს? თუ არაა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა მსგავსმა მთავრობამ საზღაური გადაიხადოს“, – უპასუხა რუბიომ.
აღნიშნულს „ქართული ოცნების“ წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა.
„მას საქართველო საერთოდ არ უხსენებია… საქართველოს მთავრობა არ არის ანტიამერიკული, თუ სადმე არის ანტიამერიკული მთავრობა და აწყობს თუ არა ეს აშშ-ს – ეს არის ამერიკის პრობლემა. ჩვენ პრობლემები არა გვაქვს, ჩვენ არ ვართ არც ანტიამერიკული, არც ანტიდასავლური….
ეს შეფასება გაკეთდა იმ პროვოკაციული კითხვის საპასუხოდ, რომელიც დასვა უილსონმა. რუბიოს არ უხსენებია აშშ-სთან მიმართებით არც საქართველო, არც ოცნება“, – განაცხადა მან.