„ინფო იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა.
„თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ის ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია. საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელებით, რომელიც მიმართული იყო სექსუალური კავშირის დამყარებისკენ, რაზეც ჩემი კლიენტის ცოლი უარს ეუბნებოდა, ამის მიუხედავად კი გარდაცვლილი მას მაინც ჯიუტად წერდა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებულის მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და არა თეიმურაზ ჩოგოვაძემ”, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა „ინფო იმერეთთან“ საუბრისას.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თეიმურაზ ჩოგოვაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.